1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადებებს ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების მიმართვას სალომე ზურაბიშვილისადმი ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის კითხვაზე როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის პასუხი ასეთ შემთხვევაში, კობახიძემ განაცხადა, რომ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არცერთი შენიშვნა არ ჰქონიათ, როდესაც გვარამია სალომე ზურაბიშვილს რეზიდენტად მოიხსენიებდა. შესაბამისად, კობახიძემ აღნიშნულს ოდიოზური ევროპარლამენტარების მორიგი განცხადება უწოდა.
„ესეც არის ოდიოზური ევროპარლამენტარების მორიგი განცხადება, რასაც პირადად ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს, სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არცერთი შენიშვნა არ ჰქონიათ ამასთან დაკავშირებით და კომენტარიც არ გაუკეთებიათ. დღეს ისინი ამ „რეზიდენტს“, გვარამიას სიტყვებს ვიმეორებ, სთხოვენ გვარამიას შეწყალებას, რაც რბილად რომ ვთქვათ, ყველაფრის დამახინჯებაა, რაც უკავშირდება ქართულ პოლიტიკას. ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადებებს ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.