1735251690
როდესაც ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, უკვე ის ძალები მიხვდებიან, რომ "ქართულ ოცნებასთან" აქვთ მხოლოდ სასაუბრო - ლევან მაჭავარიანი
"ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა "დღის კურიერის" ეთერში დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ეს ურთიერთობები თავისთავად გადაიტვირთება. მისივე თქმით, სიტუაცია შეიცვლება მას შემდეგაც, რაც უკარინაში ომი დასრულდება.
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ უზარმაზარი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად. ჩვენი რეიტინგი, მოგეხსენებათ, 60%-ია. ამასთან, ამბიცია გვაქვს და ძალიან დიდი ალბათობაა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობითაც გავიმარჯვოთ.
შესაბამისად, ის ორკესტრირებული შეტევა, რაც ხორციელდება თითქოს ამ კანონებთან დაკავშირებით და თითქოს რაღაც დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, არის მხოლოდ ერთი მიზეზით გამოწვეული - გარე ძალებს, რომლებსაც ჩვენ, პირობითად, "გლობალურ ომის პარტიას" ვუწოდებთ, (ამერიკაში უწოდებენ Deep state-ს უკვე ათლწლეულებია, პრეზიდენტი კენედი და ეიზენჰაუერი ძალიან ხშირად საუბრობდნენ ამ ძალებზე) აქვთ დიდი გავლენა ევროპულ და ამერიკულ ბიუროკრატიაზე. მათი ინტერესია, რომ ქვეყანაში მოაბრუნონ აგენტები იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის დავალება შეუსრულონ მათი გეოპოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად. ეს აგენტები არიან "კოლექტიური ნაცმოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია. ყველა ასეთი ტიპის განცხადებები, მოწოდებები, ციტატები და ჩარევა ემსახურება მხოლოდ ამას, თუმცა ამით ვერ ზრდიან ოპოზიციის რეიტინგს და პირიქით - ჩვენი რეიტინგი იზრდება.
შესაბამისად, როდესაც ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, უკვე ის ძალები მიხვდებიან იმას, რომ "ქართულ ოცნებასთან" აქვთ მხოლოდ სასაუბრო - ანუ მათი უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, ნახავენ, რომ ოპოზიციას ნულოვანი შანსი აქვს არჩევნებში გამარჯვების.
ამაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს და მოლოდინიც არის, რომ შემდეგი წლის პირველ ნახევარში ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს, ეს გადატვირთვა ავტომატურ რეჟიმში მოხდება, არამარტო ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის, არამედ, ზოგადად - მსოფლიოში ბევრი რაღაც დაბრუნდება ძველ ნიშნულზე, ეს დაძაბულობაც შენელდება და ის ძირითადი ინტერესი, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის - მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი - გაქრება და ყველანაირი ურთიერთობა დაბრუნდება ძველ ნიშნულზე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ როგორც საქართველოს სჭირდება მეგობრული ურთიერთობა აშშ-თან და ევროკავშირთან, არანაკლებ სჭირდება აშშ-ს და ევროკავშირს, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.