1749837687
პროკურორი გვარამიაზე: არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაო, არც სხდომაზე გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა მისი მხრიდან თუნდაც, მიმალვის საფრთხე

პარტია „ახალის“ დამფუძნებლის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ეხება, პროკურორმა განმარტება გააკეთა.
პროკურორ მარიამ მეშველიანის განცხადებით, არსებობდა უფრო მკაცრის აღკვეთის ღონისძიების საფუძველი და სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.
„მან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაოს ოდენობა. ასევე, ამას დაემატა ის, რომ ბრალდებული არც წინა და არც დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა მისი მხრიდან თუნდაც, მიმალვის საფრთხე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რაც გაიზიარა სასამართლომ და ბრალდებულ ნიკა გვარამიას შეუფარდა პატიმრობა“, - განაცხადა პროკურორმა მარიამ მეშველიანმა და დასძინა, რომ გვარამიას ქმედება პირდაპირ თავის არიდება და მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლის მცდელობაა.
ნიკა გვარამიამ კი, რომელიც რუსთავის ციხესთან შესახლებას ელოდება, გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა: „რატომ უნდა გადამეხადა? მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი შინაგანი რწმენით და საქართველოს კანონმდებლობით იყო სწორი“.
განმარტება გააკეთა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმაც.
„ამ საქმეში მთავარო პრობლემა არის სამართლებრივი შეფასება და არა ფაქტები და ბუნებრივია, შემდეგ სხდომებზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ, ცხადია, ნიკასთან შეთანხმებით“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო დღეს პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.
გვარამიას „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისაზე“ გამოუცხადებლობის გამო ბრალი 16 აპრილს წარედგინა.