"როდესაც არჩევნები დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ყველა ვიდეო, რომელიც გავრცელდება, ადეკვატურად იქნება შესწავლილი და ამ ყველაფრის ნამდვილობა დადგინდება" - თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია

ვის აქვს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ვინ შეიძლება გაავრცელოს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ფალსიფიცირებული აუდიო-ვიდეო მასალა? სუს-ის პრევენციულ განცხადებაზე, უკვე მეორე დღეა, თბილისში შეფასებები კეთდება. ოპოზიციის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსი ქმედება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უწყება მმართველი გუნდის მიერ კონტროლდება.

"როდესაც დასრულდება არჩევნები, დარწმუნებული ვარ, ყველა შესაძლო, სავარაუდო ვიდეო, რომელიც გავრცელდება, ადეკვატურად იქნება შესწავლილი და ამ ყველაფრის ნამდვილობა დადგინდება, მაგრამ ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, აჩვენებს იმას, რომ სუს-ი ივანიშვილის სრული პოლიტიკური კონტროლის ქვეშაა და ძალიან ეშინია ხელისუფლების ჩამოშლის, რომელიც დაწყებულია შიგნიდან. შეიძლება, ამის კიდევ უფრო მეტი ნიშანი გასაჯაროვდეს", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე ამბობს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიზანი, ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოებრივი აზრის შემზადებაა - რომ მოსახლეობამ ის არ დაიჯეროს.

"ყველას ესმის, ვინ არის პასუხისმგებელი ინფორმაციის მოგროვებასა და მის უსაფრთხოდ შენახვაზე. არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ როცა ასეთი ჩანაწერები ჟონავს, ჟონავს იმიტომ, რომ სისტემას უნდა. ჩემი აზრით, ეს განცხადება ემსახურება არა იმას, რომ "ფეიკია", არამედ იმას, რომ "ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ რაღაცასთან". ამ დროს, როგორც წესი, ყოველთვის "შუაში" არიან ხოლმე", - აცხადებს იაგო ხვიჩია.

"ქართული ოცნება" სუს-ის განცხადებას დასტურად მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადება.

სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, იგეგმება ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.