1769975663
როდესაც აღიარებ, რომ ეს დანგრეული შენობა კი არა, შედარებით ნაკლებად დანგრეულ შენობაში ვარ დარეგისტრირებულიო, ნიშნავს, რომ აღიარებით ჩვენებას იძლევი - გურამ მაჭარაშვილი
მორიგ სიცრუედ და დეზინფორმაციად აფასებს მმართველი გუნდი გელა მთივლიშვილის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მტკიცებას, რომ ქართული არასამთავრობოები და ონლაინ გამოცემები ესტონეთში, დანგრეულ შენობებში რეგისტრირებული არ არიან. ამ თემაზე ფოტო-მასალა და დოკუმენტაცია პარლამენტის თავმჯდომარემ გასულ კვირას გამოაქვეყნა.
მმართველი გუნდი ყალბ უცხოურ ორგანიზაციებზე და იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც ევროკავშირი მისგან მართული ენჯეოებისთვის, კანონის გვერდის ავლით, ფულის მიწოდებას ცდილობს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ამ დანგრეულ შენობაში კი არა, შედარებით ნაკლებად დანგრეულ შენობაში ვარ რეგისტრირებულიო, ეს ნიშნავს იმას, რომ აღიარებით ჩვენებას იძლევიან იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის შემოსვლის მონაწილეები არიან.
"კარგია", აღიარეს, რომ უცხოეთში დარეგისტრირდნენ. შევახსენოთ საზოგადოებას, ეს ის ხალხია, რომელიც თავს იკლავდა, კანონი არ მიიღოთ ისეთი, რომ მე დამერქვას უცხოური აგენტიო. 2-3 წლის წინ, ამაზე ამოხტნენ თავიანთი პოლიტიკური პოზიციებიდან და თქვეს, რომ უცხოური აგენტი რატომ უნდა გვერქვასო. ახლა თავისი ნებით წავიდნენ, დარეგისტრირდნენ უცხოეთში და იქაური კანონმდებლობითაც და მით უმეტეს, საქართველოს კანონმდებლობით, პრაქტიკულად უცხოურ აგენტებად დარეგისტრირდნენ. ამავდროულად, როდესაც შენ აღიარებ, რომ ეს დანგრეული შენობა კი არა, შედარებით ნაკლებად დანგრეულ შენობაში ვარ დარეგისტრირებულიო, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ აღიარებით ჩვენებას იძლევი იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილე ხარ ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის შემოსვლის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.










