რევაზ სოხაძე: წელს დაახლოებით 30-მდე ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და 70-მდე სკოლა რეაბილიტირდება

რევაზ სოხაძე

მიმდინარე წელს დაიწყება დაახლოებით 30 ახალი სკოლის მშენებლობა და 70-მდე სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დაახლოებით 60 სკოლა დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“. მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უკვე ჩატარებულია შესაბამისი კონკურსები და მიმდინარეობს პროექტების მომზადება.

მინისტრის თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, რადგან სკოლების მდგომარეობა პირდაპირ აისახება ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მისივე განცხადებით, სამინისტრო უკვე ამზადებს ტიპურ საპროექტო დოკუმენტაციას, რაც სკოლების მშენებლობის პროცესს დააჩქარებს და კონკრეტულ ლოკაციებზე პროექტების სწრაფ ადაპტაციას უზრუნველყოფს.

„გვექნება მზა პროექტები, რომლებსაც ეტაპობრივად გამოვიყენებთ სხვადასხვა დასახლებაში. მაგალითად, 800-ბავშვიანი სკოლის შემთხვევაში გვექნება სტანდარტული პროექტი, რომელსაც კონკრეტულ ლოკაციაზე ერთ თვეში მოვარგებთ და შემდეგ დაიწყება მშენებლობა. ეს მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს დროს“, - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 400 სკოლაზეა საუბარი, რომელსაც რეაბილიტაცია ან ახალი მშენებლობა სჭირდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპერტული შეფასებები განსაზღვრავს.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშენებლობის ხარისხსა და ვადებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროექტებში მკაცრი მოთხოვნები იმოქმედებს, რათა სამუშაოები ხარისხიანად და გონივრულ ვადებში შესრულდეს.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა წითელხევის სკოლის საკითხზე, რომელიც ამჟამად ალტერნატიულ ფართში ფუნქციონირებს. მისი თქმით, საკითხი გადამოწმებულია და დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მზადდება, ხოლო პასუხის მიღებისთანავე დაიწყება შესაბამისი პროცედურები და ქმედებები.