რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი სასესხო შეთანხმებები წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებით“ პროექტის აღწერილობითი ნაწილის ცვლილება განხორციელდება, რომლის შედეგადაც, პროექტის კომპონენტიდან გზების მოვლა-პატრონობის ნაწილი ამოვა. მისივე თქმით, აღნიშნული საქმიანობა სხვა პროექტის ფარგლებში მოხდება, რომელიც უკვე ხორციელდება.

მინისტრის მოადგილემ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმების შესახებაც ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ ისევე როგორც წინა პროექტში, წარმოდგენილ შეთანხმებაშიც სასესხო პროექტის აღწერილობითი ნაწილის ცვლილება ხდება. შედეგად, სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების ტექნიკური სამუშაოები სესხის თანხიდან დაფინანსდება.

რაც შეეხება „2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებას, მზია გიორგობიანის განცხადებით, სესხის დაფარვის ვადის 2 წლით გადავადება მოხდება.

„2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებით კი პროექტის აღწერის და შინაარსის დაზუსტებაა გათვალისწინებული.

კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებების პლენარულ სხდომაზე განხილვას ერთხმად დაუჭირეს მხარი.