1761579368
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელეს
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-InGeorgia--ს დამატებითი დაფინანსება)“ წარადგინა.
სარატიფიკაციო შეთანხმების თანახმად, ინტერნეტიზაციის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისთვის, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, დამატებით 40 მლნ. დოლარის გამოყოფა მოხდება.
მინისტრის მოადგილემ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინტერნეტიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 2000 კილომეტრი ქსელის გაყვანა, აქტიურ ფაზაშია 1050 კილომეტრი ქსელის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ხოლო უახლოეს პერიოდში 1500 კილომეტრამდე ქსელის გაყვანაა დაგეგმილი“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს „2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებაც გააცნო, რომელიც ინტერნეტიზაციის ქსელის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილი თანხის, 80 მლნ. დოლარის ვადის გახანგრძლივებას შეეხება. ცვლილების თანახმად, სესხის დასრულების თარიღად 2025 წლის ნაცვლად, 2027 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრება.
კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.










