1732184580
„რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, დღეს ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, მაგრამ ვერსიები, რა თქმა უნდა, უამრავი არსებობს“ - მამუკა მდინარაძე
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატზე მსჯელობა დღეს არ ყოფილა, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე ვერსია არსებობს.
მისი განმარტებით, მინისტრობის კანდიდატებში ცვლილებები იქნება თუ არა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე თვითონ გააკეთებს განცხადებას.
"რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, დღეს ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. არც ერთი სიტყვა არ თქმულა, ჯერ ვნახოთ, მაგრამ ვერსიები, რა თქმა უნდა, უამრავი არსებობს. ტყუილად ნურავინ ნუ იმარჩიელებს, ჯერ ამაზე პოლიტსაბჭოზეც კი არ გვიმსჯელია.
რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, ცვლილებები იქნება თუ არა, ეს ექსკლუზიური განცხადება დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს და სულ რომ დეტალურად ვიცოდე, ამის თქმის უფლება არც ერთ სხვა ადამიანს, გარდა ირაკლი კობახიძისა არ აქვს, რადგან ის არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.