რატი იონათამიშვილი მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიშზე: ასეთი სუბიექტური ანგარიშები, რომლებიც არ ემსახურებიან სინამდვილეში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას, ჩვენთვის საინტერესო ვერ იქნება

რატი იონათამიშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვქმნიდეთ. აქედან გამომდინარე, ასეთი სუბიექტური ანგარიშები, რომლებიც არ ემსახურებიან სინამდვილეში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას, ჩვენთვის საინტერესო ვერ იქნება - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიშზე საუბრისას.

იონათამიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამის მაგალითია საქართველოს პარლამენტში ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე მუშაობა, რომლის დროსაც ფართო კონსენსუსი შედგა.

„ასეთი მხარდაჭერა და დაკვეთა არცერთ სხვა ინიციატივას არ ჰქონია, ფაქტობრივად, საქართველოს პარლამენტში, ამიტომ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ პირველ რიგში სწორედ ამ დავალების ქვეშ ვმოქმედებთ და ამ დავალების გამცემი არის მისი უზენაესობა ქართველი ხალხი. ასეთი ანგარიშები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური საკითხებით არის განპირობებული და მოტივირებული და მას რეალურად ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის ინტერესი არ გააჩნია, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ იქნება ჩვენთვის საინტერესო.

როდესაც გადავხედე ამ ანგარიშს, ვნახე ბევრი ისეთი საკითხი, როდესაც მაგალითისთვის ქართველი სამართალდამცველების მოქმედებები არის გაკრიტიკებული, თუმცა მსგავს ანგარიშებში ჩვენ ვიცით, რომ ქართველი სამართალდამცავები ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებენ, ვიდრე მათი ფრანგი ან გერმანელი კოლეგები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიც და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლიტიკურ დღის წესრიგს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვქმნიდეთ. აქედან გამომდინარე, ასეთი სუბიექტური ანგარიშები, რომლებიც არ ემსახურებიან სინამდვილეში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ჩვენთვის საინტერესო ვერ იქნება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარიმაიკლ ო'ფლაერტი, აღნიშნავს, რომ „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი“ ქმნის ლგბტ ადამიანების მიმართ სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და მის პრაქტიკასთან. იგი წერს, რომ კანონი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა სტიგმატიზაციას იწვევს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ეს კანონი.