წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769454524
გამჭვირვალობის კანონით საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟენევაში გამოსვლისას, სადაც გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა მიმდინარეობს.
მან საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„უფლებების დაცვასთან განუყოფლად არის დაკავშირებული გამჭვირვალობის პრინციპი, რომელიც თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციურ მექანიზმს წარმოადგენს. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ წარმომავლობა დაუდგენელი ფინანსური ნაკადები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის როგორც დემოკრატიულ მმართველობას, ისე სახელმწიფოს სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიზანია ინფორმირებული მოქალაქე. რაც უფრო მაღალია გამჭვირვალობა, მით უფრო დაცულია ეროვნული სუვერენიტეტი.
ამასთან, საქართველოში დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური პარტიების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ლიდერები აფუძნებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იღებდნენ გრანტებს ორგანიზაციების სახელით და რეალურად ხარჯავდნენ მათ პოლიტიკური პარტიების ინტერესების შესაბამისად. ეს არის ანტიდემოკრატიული პრაქტიკა. გამჭვირვალობის კანონით საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.