1759955191
„რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჩანდნენ აქციის ორგანიზატორი კომიკური პირები, მათ უკან რეალურად ბოროტი ძალა დგას, რომელსაც კარგი დაფინანსება და მხარდაჭერა აქვს“ - ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ წევრის, ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციაზე, რომლის გაცხადებული მიზანი სახელმწიფოს დამხობა იყო, ადამიანები მიამიტად არ იყვნენ გასულები, განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც აქციას გამოეყვნენ და პრეზიდენტის სასახლეზე მიიტანეს შეტევა.
წილოსანის თქმით, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჩანდნენ აქციის ორგანიზატორი პირები, მათ უკან რეალურად ბოროტი ძალა დგას, რომელსაც კარგი დაფინანსება და მხარდაჭერა აქვს.
„ვერ ვიტყვი, რომ იქ მიამიტად იყვნენ ადამიანები გასული და გამოყენებული. ეს აქციის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ, რადგან აქცია არ იყო გამოხატვის შესაძლებლობა, ეს იყო გადატრიალების მოწყობის მცდელობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ერთიან შეკრებას გამოეყო, ის ექსტრემისტები და ტერორისტები, რომლებიც გაემართნენ პრეზიდენტის სასახლესთან და შეიჭრნენ სასახლეში, რომ არა სამართალდამცველების მყისიერი, ეფექტიანი რეაგირება, ისინი შეძლებდნენ. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჩანდნენ ახლა ეს ორგანიზატორი, კომიკური ტიპები, მათ უკან რეალურად არის ბოროტი ძალა, ბოროტი მანქანა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, მათ შორის, ძალიან კარგი დაფინანსება აქვთ, ძალიან კარგი მხარდაჭერა აქვთ უცხოეთიდან, ძალიან კარგი პატრონები ჰყავთ. ამდენი წელია ათრევენ ამ უნიათოებს და ფაქტია, რომ მათ აქვთ კონკრეტული მხარდაჭერა“, - განაცხადა წილოსანმა.