რა მისია აკისრიათ და როგორ გაგრძელდება ყოფილი „ოცნების“ წევრების პოლიტიკური ცხოვრება - ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზი

დეპუტატები

„ქართულ ოცნებაში“ გადალაგების პროცესი დაიწყო - გუშინ პარტიის სამმა წამყვანმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყავლაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ, „ქართული ოცნება“ დატოვა. ამ რადიკალურ ნაბიჯს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები თავისუფლების მოპოვების სურვილით ხსნიან. 

რეალურად, რატომ დატოვეს  „ქართული ოცნების“ ერთგულად ცნობილმა დეპუტატებმა პარტია და როგორია მათი პოლიტიკური მომავალი - საკითხზე „პრაიმტაიმთან“ პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს. როგორც ძაბირაძე აცხადებს, ამ სამეულს, რომელიც მალე პარტიას შექმნის, ოპოზიციასთან რადიკალური მეთოდებით ბრძოლის მისია აკისრია.

“ქართულ ოცნებაში“ დაიწყო არა განხეთქილების, არამედ გადაჯგუფების პროცესი. სცენარი არის შემდეგი: „ოცნებიდან წამოსული დეპუტატები იქნებიან მკვეთრად დაპირისპირებულნი ოპოზიციასთან.

„ოცნებაში“ რომ ყოფილიყვნენ, ამის გაკეთება არ შეეძლოთ, რადგან ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლარიზაცია უნდა დავასრულოთო, ამისთვის კი საჭიროა, რომ „ქართული ოცნება“ იყოს უფრო დიპლომატიური და მიმტევებელი.

რა სიმართლეს იტყვიან „ოცნების“ დეპუტატები? ვის უნდა საქართველოს ომი ჩაბმა, ამას ჩამოთვლიან. ისინი პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელონ დამოუკიდებლად, პარტიული ფორმითა და რადიკალური მიმართულებით. ეს იქნება პარტია, რომელიც ყველაზე მეტად  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იქნება დაპირისპირებული“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ.