დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ღამით დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები. რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა ღამის განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა. ამას წინ უძღვოდა სპეციალური გაფრთხილება. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს აალებად საშუალებებს, ქვებს და ბოთლებს ესროდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა კი წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. იყო პარლამენტის ეზოში შეჭრის მცდელობა, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მიმდინარეობის დროს დემონსტარნტებმა რამდენიმე მანქანა დააზიანეს - მათ შორის იყო პოლიციის ავტომანქანებიც.
რუსთაველის გამზირზე, პროტესტის ეპიცენტრში ახლა სიმშვიდეა, თუმცა, ქალაქის ცენტრს გასული მძიმე ღამის კვალი ჯერ კიდევ ეტყობა.
ჩამსხვრეული მინები პარლამენტის შენობაზე, ხანძრის კვალი საკანონმდებლო ორგანოს კედლებზე, დამწვარი, დამტვრეული ავტომანქანები და მუნიციპალიტეტის დაზიანებული ინფრასტრუქტურა - ეს რამდენიმე საათიანი აქტიური პროტესტისა და ქალაქის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების დაშლის შედეგია.
იქ სადაც, მთელი ღამის განმავლობაში არაერთი დაპირისპირება მოხდა, უკვე იმუშავეს ექსპერტებმა და სამართალდამცველებმაც, ამოღებულია ყველა სახის მტკიცებულება, მათ შორის იმ ავტომანქანებიდან, რომლებიც დაზიანდა. ტერიტორია რამდენიმე საათი ყვითელი ლენტითაც იყო შემოსაზღვრული.
ამ ყველაფერს კი წინ აქცია უძღოდა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან "ხალხის ძალის" ინიციატივას აპროტესტებდნენ. მათ პროტესტს სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა დაუპირისპირეს. დემონტრანტების დაშლა მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა, თუმცა, ყველა მათგანს წინ სპეციალური გაფრთხილება უძღოდა.
სპეცრაზმი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ 2 ლოკაციიდან - ჩიტაძიდან და თავისუფლების მოედნიდან დაიძრა. მათ აქციის დასაშლელად ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დემონსტრანტების დაშლამდე საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შეკრებილებმა სამართალდამცველებს და პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და სხვადასხვა სახის აალებადი საშუალებები დაუშინეს. ამან სპეც-რაზმის აღჭურვილობის დაზიანება გამოიწვია.
აალებად საშუალებებს შორის იყო ფეერვერკებიც, რომელიც დემონსტრანტებმა სპეც-რაზმს ჭიჭინაძის ქუჩაზე ესროლეს.
სამართალდამცველების მისამართით აალებადი ნივთების გარდა ისროლეს ქვები და აგურებიც. სხვადასხვა საშუალებები აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ეზოში განთავსებულ სპეც-რაზმსაც დაუშინა.
ნივთების სროლის გარდა, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი სპეც-რაზმელებს ფიზიკურად და სიტყვიერადაც დაუპირისპირდა. თუმცა, აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი სპეც-რაზმელს უსაფრთხო ადგილას გაყვანაში დაეხმარა.
მალევე აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობაც ჰქონდათ, მათ პარლამენტის ცენტრალურ კართან განთავსებული ჯებირების აღება დაიწყეს და რკინის ზღუდეს ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე ტერიტორიიდან გაიყვანა.
დაშლას მალევე მოყვა აქციაზე მყოფი პირების დაკავება, მათ შორის მოხვდა ზურაბ ჯაფარიძე და გირჩის კიდევ ერთი წევრი ნიკა მოსიაშვილიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
პროტესტის შედეგად დაზიანებული პოლიციის ავტომანქანებიც, რამდენიმე მათგანს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს, გარდა ამისა, ჩაამსხვრიეს ავტომობილების მინები და შეასხეს საღებავები.
საპროტესტო აქცია გამთენიისას დაიშალა.