„ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის მთავარი წინაპირობა რეგიონში მდგრადი მშვიდობაა“ - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

"მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში" - თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიება დედაქალაქის მერმა და პრემიერმა გახსნეს.

ფორუმში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმის მიზანი ქალაქების და პარტნიორობის განვითარებისთვის დისკუსიების წარმართვაა.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.

"დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დაკავშირებადობის განვითარებაზე, შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე, ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის მთავარი წინაპირობა რეგიონში მდგრადი მშვიდობაა.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და ყოველთვის მზად ვართ, კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.

საქართველო ისწრაფვის ევროკავშირში წევრობისთვის და ამ პროცესში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით კარგი მმართველობით, კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიქმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს შეუმჩნეველი არავის რჩება.

თბილისი ათი წლის წინ და თბილისი დღეს საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შეცვალო დრამატულად, რომ არ დაკარგო მთავარი - იდენტობა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.