1734778532
ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნების გარანტი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დაწყებულ გზას და ბოლომდე გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს
„დღეს არჩევანი მეგობრებო მარტივია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ომი, ან მშვიდობა, თუმცა გავიმეორებ, სიფრთხილე და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს! 26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს აჭარა და გაიმარჯვებს საქართველო“- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში შეკრებილ მოსახლეობასთან.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ მოახლოებული საფრთხის შესახებ, რის წინაშეც ქვეყანა დგას.
მისი თქმით, „დღეს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა კარგად იციან, რომ საკუთარი მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში ისევ უცხო ინტერესების მორჩილი აგენტურის მოყვანაზე გადის“.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დღესაც ომის რისკის წინაშე დგას, ვინაიდან ამ ე.წ. აგენტების კოალიციამ, გახსოვთ კარგად, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. დღეს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა კარგად იციან, რომ საკუთარი მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში ისევ უცხო ინტერესების მორჩილი აგენტურის მოყვანაზე გადის და სწორედ ეს უსამშობლო ადამიანები, მზად არიან ძალაუფლება ჩაიგდონ ნებისმიერ ფასად, მათ შორის არეულობის, რევოლუციის გზით. შემდეგ კი საქართველო რა თქმა უნდა, ჩართონ ომში, მაგრამ ამის თავიდან აცილების, რისკების განეიტრალებისა და ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნების გარანტი ჩვენი ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დაწყებულ გზას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვას და ბოლომდე გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.