ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, სად არის მისი ადგილი - თეა წულუკიანი

თეა

"აქცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ხელისუფლების შერყევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და იმის ძახილი, თურმე, არც თუ ისე ევროპული მთავრობა მართავს ქვეყანას, არის ღიმილის მომგვრელი", – ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი 20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციას.

„სრულიად გაკოტრებულია ოპოზიციური სპექტრი. ჩვენს საზოგადოებას ევროპულობის დროშის ქვეშ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ, როდესაც ელენე ხოშტარიას მაგალითზე გუშინ ვნახეთ, რომ ისინი სხვას უკიჟინებენ, აბრალებენ ცოდვებს, რომლებიც არ გვაქვს და ამ დროს თავად მილიონობით რუბლს იღებენ საკუთარ ანგარიშზე, რათა ბათუმში შეიძინოს ბინა ხოშტარიების ოჯახმა, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია, რომ არ იყოს კატასტროფა მათთვის.

შესაბამისად, არ მესმის, ასეთი ხალხის დაძახებულზე, რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას. ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, სად არის მისი ადგილი. მისი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე, რადგან მსოფლიოში ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვინარჩუნებთ ჩვენს კულტურას და ვახერხებთ, რომ ვიდგეთ ნამდვილ ღირებულებებზე. დღევანდელი დღეც სწორედ, ამას ემსახურება, ვაძლიერებთ ანსამბლებს, რომლებიც არიან ერთ-ერთი აქტორები ამ გზაზე, რათა გლობალიზაციაში შევინარჩუნოთ კულტურა, ენა. ეს არის ევროპა, მრავალფეროვნება ერთ ორგანიზაციაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, რომლის კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს.