„ქართულმა ოცნებამ“ საშუალება მისცა საზოგადოებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, იმედია, საზოგადოება იქნება აქტიური და სწორ არჩევანს გააკეთებს - ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი

იმედია, დღეს საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ საშუალება მისცა საზოგადოებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს,

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან  მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ საშუალება მისცა საზოგადოებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, ბიზნესის და ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში. 13 წელიწადია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ, საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, მიღწევა, რასაც შეიძლება, ხაზი გავუსვათ, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისევე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვებნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერეხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც საზოგადოებას უნდა.  სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა საზოგადოებამ, მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება არჩევნებზე სწორი პოზიციის დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს. შთამბეჭდავი წარმატება გვაქვს ქვეყნის განვითარების.

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს. მოსახლეობამ ისწავლა თეთრი შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება. იმედია, დღეს საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.