1759573255
საერთაშორისო დამკვირვებელი: რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია. ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს

რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან პიერ ანტუან ჟილბერ ვიქტორმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს.
"ძალიან გაოცებული ვარ, განსაკუთრებით სამოქალაქო ჩართულობით. უამრავი ადამიანია მოხალისე, ვინც ხელს უწყობს ორგანიზებას. ვფიქრობ, ეს ევროპის ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის კარგი გაკვეთილია", - აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.