1735251690
ქარტია არათუ ეხმარება, არამედ აზიანებს ოპოზიციას. ვინც ხელი მოაწერა, ან პოლიტიკაში ვერ ერკვევა ან აფერისტია" - ალექსანდრე რაქვიაშვილი
"გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა "დღის კურიერში" განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ქარტია თავად ოპოზიციას აზიანებს. მისივე თქმით, პრეზიდენტს საკუთარი ძალაუფლება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არასდროს გამოუყენებია, ოპოზიცია კი, ქარტიის ხელმოწერის შედეგად, მოპოვებულ ძალაუფლებას "ქართული ოცნების" მიერ დანიშნულ პრეზიდენტს გადასცემს.
"ქარტია არათუ ეხმარება, არამედ აზიანებს ოპოზიციას. ვინც ხელი მოაწერა, ან პოლიტიკაში ვერ ერკვევა, ან აფერისტია. არ მჯერა, რომ ვინმე შეასრულებს ამ ქარტიას. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე პარტიას, ვინც ხელი მოაწერა, გაუჩნდა შანსი დანიშნოს პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანაში. თქვენი აზრით, ისინი უარს იტყვიან ამ ძალაუფლებაზე და პრეზიდენტს აჩუქებენ ამას? არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჯერებს, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ ძალაუფლების მოსაპოვებლად, ამას მერე უბრალოდ სხვას აჩუქებენ ისეთ პრეზიდენტს, რომელსაც არაფერი ცუდი არ გაუკეთებია "ქართული ოცნებისთვის".
ჩემი აზრით, ბევრი კარგი განცხადება გააკეთა, რომელიც "ქართულ ოცნებას" არ მოეწონა, მაგრამ რა ძალაუფლებაც ჰქონდა, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არ გამოუყენებია. ლეგიტიმური ეჭვია, რომ სინამდვილეში, "ქართული ოცნების" მხარესაა და ასე აფარჩაკებს მთელს ოპოზიციას - ხან დოკუმენტს მოაწერინა ხელი, რომლის შინაარსიც არავინ იცოდა, მერე პრემიერი მყავს თქვენთვის არჩეულიო და არც ვიცით, ვინ აირჩია, საერთოდ შეცვალა დღის წესრიგი ისე, რომ საღი აზრი არსად არ არის და ამის შემდეგ, გამოდიან სხვადასხვა ადამიანები და ამბობენ, რომ გვინდა, პრემიერ-მინისტრი იყოს ქალბატონი სალომე, გვინდა, რომ პრეზიდენტი იყოსო.
მგონი, უბრალოდ გამბედაობა არ ჰყოფნით ჩემს კოლეგებს, დაინახონ, რა ხდება ქვეყანაში და უბრალოდ თქვან, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას აზიანებს. შეიძლება თავისი შეცდომების შედეგია, შეიძლება, ბიძინა ივანიშვილთან გარიგებულია და ასეთი როლი აქვს ქართულ პოლიტიკაში, რომ ოპოზიცია გაანადგუროს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ელემენტარულად, რომ დაფიქრებულიყვნენ, ისინი არ მოაწერდნენ ხელს.
ვის იცნობთ ჩვენს ქვეყანაში ისეთ პოლიტიკოსს, რომელიც იბრძვის რათა მოიპოვოს უზარმაზარი ძალაუფლება და მერე ეს ყველაფერი აიღოს და აჩუქოს სალომე ზურაბიშვილს, ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" მიერ დანიშნულ პრეზიდენტს, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია მართლა რამე საშიში "ქართული ოცნებისთვის"?! მაგალითად, შეწყალების ინსტრუმენტი აქვს ძალიან ძლიერი, რომლითაც მთლიანად შეეძლო შეეცვალა სისხლის სამართლის პრაქტიკა და არ გამოუყენებია; 600 კანონიდან 3-ს რომ დაადებ მხოლოდ ვეტოს, ეს ხომ ნიშნავს, რომ დანარჩენი 597 მოგწონს? პრეზიდენტს იმხელა ძალაუფლება აქვს, რომ ნებისმიერ მომენტში, შეეძლო პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია, გამხდარიყო ყველაზე რეიტინგული პოლიტიკურიო ფიგურა და ეს არ გაუკეთებია. თუ ასე იქცევა პრეზიდენტი - საიდან გარანტია, რომ "ქართული ოცნების" თამაშს არ თამაშობს? მე მხოლოდ ის ახსნა მაქვს, რომ ისინი [ოპოზიცია] ან სულელები არიან, ან მოსყიდულები - სხვანაირად ვერ ახსნი ამ ქცევას," - აცხადებს რაქვიაშვილი.