1784279625
პროექტები, რომლებიც უკრაინაში განხორციელდება, იქნება კომერციული პროექტები, რომლებიც შემოსავალს მოუტანს კონკრეტულ ფირმებს, ამაში არაფერია გასაკვირი. უბრალოდ გვარამიას იმაზე წყდება გული, რომ თვითონ არ ექნებათ წილი - თენგიზ შარმანაშვილი
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და უკრაინის ომისშემდგომ აღდგენაზე საუბრისას ოპოზიციის ფინანსურ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, უკრაინაში განსახორციელებელი პროექტები კომერციული ხასიათის იქნება და არა საქველმოქმედო, "რადიკალური ოპოზიციის" გულისწყრომა კი სწორედ ამ პროცესებიდან პირადი წილისა და სარგებლის მიღების შეუძლებლობით არის გამოწვეული.
"რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად იტყუება. ეს პროექტები, რომლებიც უკრაინაში განხორციელდება, არ იქნება საქველმოქმედო - ეს იქნება კომერციული პროექტები, რომლებიც შემოსავალს მოუტანს იმ კონკრეტულ ფირმებს, რომლებიც ამაში ფულს ჩადებენ. არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. აქ, უბრალოდ, გვარამიას იმაში წყდება გული, რომ თვითონ არ ექნებათ ამ ადამიანებს რაღაცა წილი, რომ ამაში მონაწილეობა მიიღონ და თვითონ ნახონ რაღაც მოგება. თორემ არავის ეგონოს, რომ ეს მილიარდები იქნება თუ ტრილიონი - ეს გამორიცხულია, მაგრამ თუნდაც ტრილიონი იყოს, - რაიმე საქველმოქმედო ნაბიჯი იქნება უკრაინელი ხალხის მიმართ. არავინ არავის არ ეხმარება ქველმოქმედებისთვის - ყველა თავისთვის ზრუნავს და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება რა არის, იცით? ყველას მოგვახედა და გვითხრა, რომ პირველ რიგში, ჩვენს თავს უნდა მოვუაროთ ჩვენ, არავინ ჩვენი პატრონი არ არის იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ ვართ," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის აღნიშნული შეფასებები ოპოზიციის, კერძოდ კი ნიკა გვარამიას განცხადებებს მოჰყვა. გვარამიას მტკიცებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა აღდგენისთვის ტრილიონობით ფინანსურ დახმარებას მიიღებს, საქართველო კი რესურსის გარეშე დარჩება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციისთვის მთავარია არა ქვეყნის მშვიდობა, არამედ დესტაბილიზაციის ფონზე პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილება.












