პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაფინანსებისთვის 17 საგრანტო განაცხადი შეირჩა - თამარ ზოდელავას განმარტება

თამარ ზოდელავა

მცირე საგრანტო კონკურსი მიმდინარეობდა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, შემოვიდა 346 განაცხადი, რომელმაც გაიარა ფორმალური შემოწმება; სააგენტო თავის კომპეტენციაში მხოლოდ და მხოლოდ საკონკურსო პირობებთან საგრანტო განაცხადის შესაბამისობას ამოწმებს, - ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავამ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც თამარ ზოდელავამ აღნიშნა, შემოწმების შემდეგ, 248 განაცხადი გადაეცა საბჭოს, რომლის შესწავლის შედეგად 60-მა საგრანტო განაცხადმა დააკმაყოფილა 70 ქულა, ხოლო სახელმწიფო გრანტი კენჭისყრის საფუძველზე 17-მა მოიპოვა. 

„საზოგადოებრივი ორგანიზაციის განაცხადების დიდი რაოდენობა ძალიან კარგი მაჩვენებელია. ინტერესი მაღალია, რომ სამოქალქო პასუხისმგებლობა ატაროს მოქალაქემ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფორმაში. ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც იმსჯელა საბჭოს თითოეულმა წევრმა, თავიდანვე ცნობილი იყო კონკურსანტისთვის. ესენია - პროექტის იდეის აქტუალობა და მნიშვნელობა; პრობლემა, რომელიც იდენტიფიცირებული და წარდგენილი იყო, როგორც პროექტის იდეა, რამდენად იყო დასაბუთებული. ხშირად იყო ზოგადი და არ ეფუძნებოდა რაიმე მონაცემს, არ დასტურდებოდა მისი აქტუალობა. მეორე არის პროექტის მიზნები და ამოცანები. როდესაც იდეა არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული, მიზნებიც გარკვეულ კითხვებს ბადებს. განხორციელების გზები და შედეგები, მდგრადობა, რას მივიღებდით ამა თუ იმ პროექტის განხორციელების შედეგად და მიზანშეწონილი იყო თუ არა, სახელმწიფო გრანტით დაფინანსებულიყო ესა თუ ის იდეა სამოქალაქო ინიციატივის სახით. ამ ერთობლიობით, საბჭომ სიღრმისეულად შეისწავლა თითოეული საგრანტო განაცხადი და 60-მა დააკმაყოფილა 70 ქულა, ხოლო 70 ქულაზე ზემოთ საუკეთესო 17 კენჭისყრის საფუძველზე დაფინანსდა სახელმწიფო გრანტით. 346 განაცხადიდან, სააგენტოს კომპრომისული მიდგომით, 248 გადაეცა საბჭოს და ეს იყო მართლა იდეათა კონკურსი. შესაბამისად, ამ დიდი რაოდენობიდან შეძლო საბჭომ, რომ საუკეთესო 60 გამოევლინა, რომელიც აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.

სააგენტოს თავმჯდომარემ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც სახელმწიფო გრანტით დაფინანსდა. 

„ეს გახლავთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, სპორტის განვითარება, განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ეს არის სწორედ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის მიხედვითაც შეირჩა ის 17 საგრანტო განაცხადი, რომელმაც მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.