პრეზიდენტი საკუთარ ცოდვებზე ხომ არ ისაუბრებდა: 2008 წელს საქართველომ ომი დაიწყო და სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბაო - ჩარკვიანი

ჩარკვიანი

დღეს ქვეყნის წინაშე სცოდავს უმრავლესობაც და ოპოზიციაც, - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გაკეთებულ ამ განცხადებას „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ეხმაურება.

მისი თქმით, პრეზიდენტმა საკუთარი ცოდვებიც უნდა გაიხსენოს.

„ოპოზიცია და ხელისუფლება სცოდავთო, შეთანხმებაზე უნდა დაილაპარაკოთო, ოღონდ შეწყალებაზე და დიდი ამნისტიაზე არ დამელაპარაკოთო, არც ჩემს ცოდვებზეო, არც ჰააგის სასამართლო დასკვნაზე არ „მაწყობსო“, რადგან დასკვნაში წერია, რომ „საქართველომ ომის ყველა წესის დაცვით იმოქმედა და ომი არ დაუწყიაო“. ჰოდა, ქ.ნი პრეზიდენტი საკუთარ ცოდვებზე ხომ არ ისაუბრებდა, 2008 წელს საქართველომ ომი დაიწყო და სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბაო რომ ამტკიცებდა სამარცხვინოდ და რუსეთმა მისი კრებულიდან ეს ამონარიდი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.

საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ და სტრასბურგმაც და ჰააგამ საქართველოსთვის სასარგებლო დასკვნა დადო, დიახ, ქ.ნ სალომე, საქართველოს ომი არ დაუწყია, არა, არა და არა და დღევანდელი თქვენი გამოსვლა „თანხმობაზე“, ადამიანთა შერიგებაზე გამოთქმული, სხვითა ცოდვების შეფასებასთან ერთად საკუთარი ბოდიშით რომ დაგეწყოთ, არ იქნებოდა ურიგო!

შერიგება, თანხმობა, რაღაცის მონანიებასაც, შეწყალებასაც, დიდ ამნისტიასაც, ბოდიშსაც გულისხმობს, რაც დიდი და ნამდვილი შეთანხმების საწინდარი იქნებოდა. ჩემზე, სამწუხაროდ დიპლომატიას ამოფარებული კონფორმისტის შთაბეჭდილება დატოვეთ, იმ საკითხში კი გეთანხმებით, რომ ორივე მხარე სცოდავსო რომ თქვით და განსაკუთრებით ოპოზიციას ვეტყოდი: ვცოდავთ აბა, რა ტრიბუნასთან რომ ავიდა და სიტყვა ბოდიშით არ დაიწყო და გაბედა და „დატუქსვის“ საშუალებაც კი მიეცა საქართველოზე ომის დაწყების გადამბრალებელს, ეს იმის ბრალია, აქციაზე დიდი და სრულიად დაუმსახურებელი ხბოს აღტკინებით ტაშით რომ დახვდა ზოგიერთი, ჰოდა, ვცოდავთ ყველანი, აბა რა, ამდენ ხანს რომ ვიტანთ ამ „ტონალობას“, „ქმედებას“, „უმოქმედობას“, სტაგნაციას, ცინიზმს და ქვეყნის დამცირებას და თვალთხარიების და რუსეთუმე „უბლოკოებს“ ოპოზიციაში, დიდი ცოდვაა მართლაც საქართველოს ომის დაწყებაში ბრალის დამდებს ტაშს უკრავდე და პუტინის პირველი ტყვე ციხეში იჯდეს!“, - წერს ჩარკვიანი.