1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს, სადაც ყველას მონაცვლეობით ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი რეგიონი რომელიმე პროდუქციის გამოფენით, კონცერტებით, სახელოვნებო გამოფენებით, თუ რაიმე თემაზე საუბრებით.
აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტმა დღეს სამეგრელოში ქალ ბიზნესმენებს, ახალგაზრდებსა და სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
პრეზიდენტმა ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბი დაათვალიერა და ტექნოპარკის შესაძლებლობებს გაეცნო, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ინოვაციური და სტარტაპიდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესს – ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები გამოიყენონ.
"ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია რეგიონების განვითარება. თქვენ რეალურ ძალასა და იმედს წარმოადგენთ. ჩვენ ახლა ევროკავშირში ინტეგრაციის ბოლო ეტაპისთვის ვემზადებით და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა და მონაწილეობა. ჩვენ წინაშე არსებულ ბევრ რეკომენდაციაში რეგიონების როლი საკმაოდ გამოკვეთილია – თვითმმართველობა, თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობა და ამ ყველაფრისთვის თქვენ ხართ საჭირო. ძალიან დიდია მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა, საზოგადოების გარეშე არაფერი კეთდება, ეს არის დემოკრატიის პირველი და მთავარი პრინციპი. ამიტომ, თქვენც ატარებთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას და თქვენი ინიციატივების გარეშე, ბევრი რამ ვერ გაკეთდება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვები გაუზიარეს.
მარი ბენდელიანი, რომელიც პანდემიის დროს თბილისიდან ზუგდიდში გადავიდა და ნარჩენების მართვის სოციალური საწარმო შექმნა, აცხადებს, რომ პრეზიდენტთან ასეთი პირისპირ შეხვედრები მნიშვნელოვანი და საჭიროა, რათა გაჟღერდეს რეგიონში მცხოვრები ადამიანების, მეწარმეების, ქალების, ახალგაზრდების ხმა და მივიდეს იქ, სადაც საჭიროა და სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.
"გვსურს, რომ რომელიმე ძველი ქარხნის შენობაში შევქმნათ დიდი სივრცე, რამდენიმე სახელოსნოთი, რომელიც იზრუნებს ქსოვილის ნარჩენების აღდგენაზე, ელექტრომოწყობილობებისა და ძველი ავეჯის აღდგენაზე. ასევე, გვექნება საერთო სამუშაო სივრცე, რაც ზუგდიდში ძალიან ცოტაა. გვინდა, რომ გვქონდეს ნულოვანი ნარჩენის მაღაზიაც. მთელი შენობის კონცეფცია იქნება ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა", – განაცხადა ბენდელიანმა.
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამაარსებლის, სალომე ადამიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონის ახალგაზრდებთან, ქალებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
"ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი ამკვიდრებს ამ პრაქტიკას და ამ ფორმატში უშუალოდ ცდილობს, გაარკვიოს დღის წესრიგის ის საკითხები, რაც დგას რეგიონის მოსახლეობის წინაშე და გამართოს ამ ტიპის დიალოგი", – აღნიშნა სალომე ადამიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს ღია და საინტერესო საუბრისთვის. შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეების ნაწილმა პრეზიდენტს თავისი პროდუქციაც წარუდგინა.