პრემიერი ყოველთვის მოქმედებდა კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად და ეს პრაქტიკა არც მომავალში დაირღვევა - კობახიძე პრემიერის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე

კობახიძე

ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების შესახებ გააკეთა კომენტარი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ინტერპელაციის პროცედურა მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით და მასზე როგორც პრემიერის, ასევე მთავრობის სხვა წევრების მისვლა სავალდებულოა.

კობახიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის მოქმედებდა კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად და ეს პრაქტიკა არც მომავალში დაირღვევა. მან ასევე უპასუხა კითხვას უსაფრთხოების კონცეფციის განახლების აუცილებლობის შესახებ.

„პრემიერი განმარტავს ყველაფერს. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში მუდმივად განახლდება ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, მის განვითარებასთან. რაც შეეხება დეტალებს, თავად პრემიერი ისაუბრებს ამ თემებზე პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ერთობლივ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადეს. დეპუტატებს პრემიერთან კითხვები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აქვთ.