1741106618
პრემიერი: რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც აკეთებდა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება, ხალხი და ხელისუფლება იდგა ერთად და სწორედ ამან მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება

ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული 3 წელიწადი და სერიოზული ზეწოლა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით.
„რეალურად, რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება, რასაც აკეთებდა, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება. პირდაპირი მოთხოვნები იყო, პირდაპირი ზეწოლა იყო. გახსოვთ, რამდენად რთული იყო, განსაკუთრებით ომის დაწყებიდან პირველი დღეები, როცა ჩვენგან ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, რაც პირდაპირ გამოიწვევდა, როგორც ესკალაციას, ასევე ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენგან ითხოვენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რაც ნიშნავდა პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას. გარდა ამისა, ჩვენ ბოლომდე ღიად მაინც არ ვსაუბრობთ იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდებოდა დახურულ კარს მიღმა. იქ უკვე ღია ტექსტებით იყო საუბარი ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პარტიზანულ ომზე გადასვლასთან დაკავშირებით ოკუპაციის შემდეგ, ღია ტექსტებით მიდიოდა ამ ყველაფერზე საუბარი. ამას მოჰყვა მთელი პროცესები, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იყო ჩვენი უარი ომში ჩართვაზე. გვითხრეს ჩვენ უარი კანდიდატის სტატუსზე, რასაც მოჰყვა რევოლუციის მცდელობა, ეს ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. შემდეგ წელიწად-ნახევარი უარი კანდიდატის სტატუსზე, ამასაც ზუსტად იგივე მიზეზები ჰქონდა. ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით. რომ არა საზოგადოების თანადგომა, რა თქმა უნდა, ვერავითარი გათვლები და ვერავითარი სტრატეგიული სვლები ჩვენ ვერ მოგვცემდა ქვეყნის გადარჩენის საშუალებას. ხალხი და ხელისუფლება იდგა ერთად და სწორედ ამან მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.