პრემიერი: Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

კობახიძე

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ სადაც ხელი მოჰკიდა კონკრეტულ პროექტს Emaar ჯგუფმა, ყველგან მიიყვანა სათანადო ვადებში ბოლომდე სრული მასშტაბით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში, ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ამ პროექტის დაწყებას. 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას ძალიან მნიშვნელოვნად, დამატებით შეუწყობს ხელს. რომ წარმოიდგინოთ ჩვენი ეკონომიკა დღეს არის 30 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი და ამ ინვესტიციის მოცულობა არის 6 მილიარდი, ეს არის დაახლოებით 18% ჩვენი ეკონომიკის, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდება შემდეგი 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, თან საუბარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ყველა თვალსაზრისით არის უპრეცენდენტო და უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.