პრემიერი: ჩვენი მთავარი მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის ის, რომ დღეს და მომავალში არ გვქონდეს კორუფციული პრაქტიკა, ბოლომდე გამჭვირვალე გავხადეთ შესყიდვები, მთლიანად გავაუქმეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა

ირაკლი კობახიძე პარლამენტში

ჩვენი მთავარი მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის ის, რომ დღეს და მომავალში არ გვქონდეს კორუფციული პრაქტიკა და მაქსიმალურად დავაზღვიოთ სახელმწიფო სტრუქტურები კორუფციული პრაქტიკისგან, რაც სერიოზული გამოწვევაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა სჭირდება და ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა აღნიშნული მიმართულებით.

„არსებობს სხვადასხვა შრე, სხვადასხვა დონე ხელისუფლების და ცდუნებაც არსებობს, ბუნებრივია, ადამიანებში, ამიტომ ყველა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული და სერიოზული ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფერს. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ დღეს და ხვალ აღარ იყოს ჩადენილი კორუფციული დანაშაულები. რომ ავიღოთ ინფრასტრუქტურა - ჩვენი მთავარი ამოცანა ინფრასტრუქტურის სფეროში რა არის, ერთია ის, რომ ვიღაცა შეიძლება წარსულში რაღაცას სჩადიოდა და აღიძრა საქმე, ეს არის ერთი მხარე, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ის, რომ როდესაც დღეს და ხვალ ვასრულებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თითოეული პროექტი შესრულდეს მაქსიმალურად გახსნილად, მაქსიმალური ხარისხით, სათანადო ვადებში და სათანადო ფასებში. ეს არის ჩვენთვის მთავარი, როდესაც ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. ყველას მოვუწოდებ, როგორი პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეთ, რომ ჩაიხედონ ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც განხორციელდება დღეს, ხვალ და მიგვითითონ, თუ სადმე ნახავენ, რომ ჭარბი ფასით არის განხორციელებული პროექტი, თუ სადმე ნახავენ, რომ უხარისხოდ არის გაკეთებული. მაღალი ხარისხი სათანადო ფასში - ეს არის ჩვენი მთავარი მიდგომა. როცა ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მაქსიმალურად არის გახსნილი სივრცე სამშენებლო კომპანიებისთვის, არქიტექტორებისთვის და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რაც გვაძლევს ჩვენ კორუფციასთან ეფექტიანად გამკლავების საშუალებას, აღმოფხვრის და პრევენციის საშუალებას. რომ ავიღოთ სახელმწიფო საწარმოები, ბევრჯერ გვითქვამს, რომ მარტო ხელფასების ნაწილში, ყოველწლიურ ჭრილში დაიზოგა ათეულობით მილიონობით ლარი, გადასცდა 50 მლნ ლარს, რაც ყოველწლიურად დაეზოგება სახელმწიფოს. ჩვენთვის ეს არის კორუფციასთან ბრძოლა. ვიღაცამ შეიძლება წარსულში არასწორი პრაქტიკა დაამკვიდრა და შეიძლება პასუხი აგოს - ეს ცალკე საკითხია. ერთია წარსულში რაც იყო, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ დღეს არ გვყავდეს ჭარბად გაფორმებული ადამიანები კონკრეტულ სტრუქტურებში. ესეც სერიოზული გამოწვევაა, იმიტომ რომ იქ მერე ჩნდება ათასი სოციალური და სხვა ტიპის ფაქტორები, ძირითადად სოციალური ფაქტორები, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას უარყოფითი პრაქტიკა და არ დავტოვოთ ფიქტიურად გაფორმებული ადამიანები. დღეს, ეკონომიკის განვითარების ფონზე, არის საკმარისი სივრცე, რომ ამ ადამიანებმა გადაინაცვლონ სხვა სექტორებში. როდესაც ბიზნესი აკეთებს პრეზენტაციებს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის კადრებისა და სამუშაო ძალების დეფიციტი, ჩვენ ორმაგად ცუდ საქმეს ვაკეთებთ, როდესაც ფიქტიურად ვაფორმებთ ადამიანებს სახელმწიფო სტრუქტურებში. ეს არის დამატებითი საბიუჯეტო, არასწორი, არამიზნობრივი ხარჯი და სამუშაო ძალას ჩვენ ხელოვნურად ვაკლებთ ეკონომიკას. ორმაგი უარყოფითი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს და ეს გვინდა გავანულოთ. ჩვენთვის მთავარია, რომ დღეს და ხვალ არ გვქონდეს იგივე პრაქტიკა, რაც იწვევდა ბიუჯეტის ჭარბად დატვირთვას, არასწორი ხარჯებით.

როცა შესყიდვებს ეხება საქმე, ბოლომდე გამჭვირვალე გავხადეთ შესყიდვები. სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შევქმენით ამისათვის. რაც შეეხება პრივატიზაციას, როდესაც პირდაპირი მიყიდვით განკარგავ ქონებას, აქ ძალიან დიდია ცდუნებაც და მანიპულაციის რისკიც. მთლიანად გავაუქმეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა. გარდა იმისა, როდესაც დევნილებს გადაეცემათ ერთ ლარად ბინები და ა.შ. სოციალურ საკითხებს არ ვგულისხმობ. არც ერთი ობიექტი არ გამოგვიტანია აუქციონის გარეშე გასაყიდად. ეს არის ჩვენთვის მთავარი. სამართლის აღსრულება ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ დღეს და ხვალ არ არსებობდეს ისეთი პრაქტიკა, რომელიც სახელმწიფოს დააკისრებს ჭარბ ხარჯებს, ან სხვა კუთხით შეუქმნის პრობლემას ქვეყნის განვითარებას, ესაა ჩვენთვის მთავარი, რასაც ვუწოდებთ კორუფციასთან ბრძოლას,“ - განაცხადა პრემიერმა.