,,პრემიერ-მინისტრი აგრძელებს შეხვედრებს უმსხვილეს ინვესტორებთან, რომლებიც წარმოადგენენ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს" - ირაკლი კობახიძის ვიზიტი აბუ-დაბიში გრძელდება

ჯი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აბუ-დაბიში გრძელდება, სადაც მდგრადი განვითარების სამიტზე დასასწრებად მთელი მსოფლიოდან პოლიტიკური ლიდერები, უმსხვილესი ინვესტორები, ახალგაზრდა ინოვატორები და ბიზნეს ლიდერები ჩავიდნენ. ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა არის - შუა დერეფანი-ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს. ასევე, იგეგმება შეხვედრები მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დელეგაციასთან ერთად აგრძელებს ვიზიტს აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა შუა დერეფანი, მისი განვითარება. სატრანზიტო გზების განვითარება, ასევე, საუბარი იქნება მიმდინარე ანაკლიის პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე, იმ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რასაც სახელმწიფო დებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის. ასევე, პრემიერ მინისტრს ჰქონდა და აგრძელებს შეხვედრებს უმსხვილეს ინვესტორებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინვესტორები წარმოადგენენ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს", - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.