კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1768233532
პოლონეთის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა, ბიგნევ ზიობრომ, რომელსაც 26 ბრალდება წარუდგინეს, უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. აღნიშნულის შესახებ ბიგნევ ზიობროს ადვოკატი ბარტოშ ლევანდოვსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, უნგრეთის მთავრობამ ბიგნევ ზიობროს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა „პროკურატურისა და სამთავრობო უწყებების ქმედებებთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკურად მოტივირებული პოლიტიკური რეპრესიების ნიშნების მატარებელი ქმედებები გამოიწვია“.
გარდა ამისა, ადვოკატმა ბარტოშ ლევანდოვსკიმ თავშესაფრის მინიჭებაზე უნგრეთის გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ღია განცხადებებით ახსნა.
უნგრეთის გადაწყვეტილებას თავად ბიგნევ ზიობროც გამოეხმაურა. პოლონეთის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მან „პოლიტიკური ბანდიტიზმისა და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა“ აირჩია.
„მე ვეწინააღმდეგები პროგრესულ დიქტატურას. ამას ვაკეთებ იმ პრინციპების სახელით, რომლებიც ყოველთვის მეხმარებოდა და რის გამოც ახლა დონალდ ტუსკის და მისი გარემოცვის პირადი შურისძიების სამიზნე გავხდი. დევნის სამიზნე გავხდი, რადგან, როგორც გენერალურმა პროკურორმა, მრავალი გამოძიება დავიწყე მათ ქურდობასა და კორუფციაზე“, – წერს ბიგნევ ზიობრო სოციალურ ქსელ X-ზე.
ბიგნევ ზიობრო ასევე აღნიშნავს, რომ „პოლონეთში პოლიტიკური რეპრესიების გამო გადაწყვიტა, უნგრეთის მთავრობის მიერ მინიჭებული თავშესაფრით ესარგებლა“.
ამასთან, უნგრეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. მისი განცხადებით, პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი პოლიტიკური დევნის სამიზნეა, რის გამოც ბუდაპეშტის გადაწყვეტილება მისთვის გასაგებია.
„არ მიკვირს. თავშესაფარი იმიტომ მიენიჭა, რომ პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებული ორგანოს ფუნქციას ასრულებს. პროკურატურა პოლიტიზებულია თუ არა? რა თქმა უნდა, ასეა. ზიობრო პოლიტიკური მოტივით იდევნება თუ არა? რა თქმა უნდა, კი“, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ.