პოლონეთის სახით საქართველოს ძლიერი და საიმედო მხარდამჭერი ჰყავს - ილია დარჩიაშვილი

შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს არა მხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ  საერთო ინტერესები და მისწრაფებებიც აერთიანებს.

ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს, რომელიც  ჩვენი ქვეყნის საგარეო  პოლიტიკის ქვაკუთხედია.

დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას, ხაზგასმული აქცენტი  გაკეთდა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც, მინისტრის თქმით, „გაამყარებს საქართველოს უპირობო კუთვნილებას ევროპისადმი და ჩვენს ქვეყანას გზა გაუხსნის ევროკავშირის წევრობისაკენ“. აღინიშნა ის მოცულობითი სამუშაო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების  მიმართულებით გასწია. „გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით  შეფასდება და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებენ“ - დასძინა მინისტრმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლის ფუნქციაზე და დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. აქცენტი გაკეთდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობასა და საქართველოს როლზე ამ პროცესში. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობა.

როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, მხარეებმა ცალსახად დააფიქსირეს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მნიშვნელობა ევროპისთვის. „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში  ევროკავშირთან ერთად აგრძელებს მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობას“  - აღნიშნა მინისტრმა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსული  ოკუპაციის  შედეგებზე - უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პოლონეთის მნიშვნელოვანი წვლილი.

„მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა და ერთიანი, მტკიცე პოზიცია, რათა შესაძლებელი გახდეს მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და მდგრადი მშვიდობის დამყარება“ - ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და  უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის,  ტურიზმისა და  კულტურის სფეროებში არსებული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზების გზებს.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს უახლოესი მოკავშირე ქვეყნის - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია.  პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერისა და, ამ მიმართულებით,  საერთაშორისო  საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში.