ილია დარჩიაშვილი 24 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას დაესწრება

ილია დარჩიაშვილი

24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეების მიერ განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება. ამასთანავე, განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა კოლეგა მინისტრთან.