1784279625
პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ - კახა კალაძე
„იმისთვის რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას განუცხადა და ამით გამოეხმაურა პოლიტიკური ტერორიზმის გააქტიურების საკითხზე აშშ-ში გამართულ მინისტერიალზე წამოჭრილ საკითხებს.
მისი თქმით, სწორედ ევრობიუროკრატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ განაპირობებს მათ მიმართ ნდობის შემცირებას.
„როგორ შეიძლება ევრობიუროკრატების მიმართ ნდობაზე ვისაუბროთ, როდესაც ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს და თუნდაც ვხედავთ მიღებული რეზოლუციების სახით მათ გადაწყვეტილებებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით შემოიფარგლება და სიცრუით არის გაჯერებული.
ცხადია, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, შეფასებასაც და ანალიზსაც აკეთებს და ეს დამოკიდებულება, რაც არის ქართული სახელმწიფოს მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია.
ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებების, განცხადებებისა და იმ არასამართლიანი დამოკიდებულების გამო, რაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატიის მიდგომა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე სხვა სახელმწიფოს.
„იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამ დამოუკიდებლობისთვის წინა თაობებმა სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს ეს - ევრობიუროკრატი, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.
ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ნებას“, - განაცხადა კალაძემ.











