პოლიტიკური პროცესში მონაწილეობა ინდულგენცია ვერ იქნება - ლევან მახაშვილი ცანავას დაკავებაზე

ლევან მახაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტი მედიასთან შეაფასა. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესში მონაწილეობა ინდულგენცია ვერ იქნება.

„თავიდან იყო ასეთი ტენდენცია, რომ პოლიტიკაში მოსვლით ცდილობდნენ პასუხისმგებლობიდან გაქცევას. დღეს, იმისთვის, რომ პასუხისმგებლობას გაექცე, პოლიტიკაში მოსვლასთან ერთად დამატებითი კოდური სიტყვებიც უნდა ახსენო, ხანდახან რუსეთუმეობა, ხანდახან ანტიევროპულობა და ა.შ. და ამით თავიდან აირიდო ესა თუ ის პასუხისმგებლობა.

ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესში მონაწილეობა ვერ იქნება ინდულგენცია ვერ იქნება, პირიქით, თითოეული პოლიტიკოსი უნდა იყოს ორმაგად და სამმაგად მოწადინებული, რომ რაღაც ისეთი არ გააკეთოს, ვინაიდან ისინი არიან მაგალითის მიმცემები თითოეული მოქალაქისთვის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლაშა ცანავას, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ლაშა ცანავა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

დაკავებული ლაშა ცანავა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს, მისი თანაშემწეც იყო.