პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩააბარა ჩვენი ტერიტორია რუსეთს, სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას, წამების სისტემა შექმნა ქვეყანაში, დღეს უტიფრად ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ რაღაც პრეტენზიები წაუყენოს - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

ოპოზიცია, რომელმაც დაკარგა ქართული ტერიტორიები და ჩააბარა რუსეთს, ოპოზიცია, რომელიც მისი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის სახით 2008 წელს უგზავნიდა წერილს რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და წერდა, რომ ის მზად იყო აფხაზეთი გაეყო რუსეთთან - ამ ხალხთან გვაქვს საქმე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მმართველი პარტია ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს.

„ეს ხალხი, რომ დღეს ყალბი ნარატივით საუბრობს, არის იმისი ბრალი, რომ თავის დროზე პასუხი არ გაეცა იმ დანაშაულებს, რომელიც მათ ჩაიდინეს. 160-მდე მაღალი თანამდებობის პირია გასამართლებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან, მაგრამ მაშინ არ მოხდა რეჟიმის გასამართლება.

2012 წელს პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი უნდა გაესამართლებინა და მაშინ იმ ზეწოლის გამო, რომელიც გარედან მოდიოდა ქვეყანაზე, ვერ მოხდა რეჟიმის გასამართლება. დღეს ჩვენ ვართ მოწმე იმის, რომ პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩააბარა ჩვენი ტერიტორია რუსეთს, რომელიც სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას, რომელმაც წამების სისტემა შექმნა ყველასთვის ქვეყანაში, დღეს უტიფრად ცდილობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რაღაც პრეტენზიები წაუყენოს.

ჩვენი მიზანი არის ერთიანი საქართველო, რომელიც გულისხმობს მის საერთო საზღვრებს და ეს ამორალური კამპანია, თითქოს „აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს“ [“ქართულმა ოცნებამ“] და ა.შ. არის სიცრუე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.