პოლიტიკურ პატიმარს ვერ ვარქმევ მე პირადად, 20 ივნისს სახეზე იყო დანაშაული - ირაკლი ფავლენიშვილი გახარიაზე

ირაკლი ფავლენიშვილი

გიორგი გახარიას, ნიკა გვარამია ახლა უკვე მხარდაჭერას უცხადებს. პარტია "ახალის" ლიდერი, რომელიც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო მკაცრად აკრიტიკებდა, დღეს ამბობს, რომ თუ გიორგი გახარიას ამავე საქმეზე დაიჭერენ, ის პოლიტპატიმარი იქნება.

ნიკა გვარამიას ამ განცხადებისა და შეცვლილი პოზიციის გამო, ოპოზიციის ნაწილი აკრიტიკებს. "ნაციონალურ მოძრაობას" გახარიასთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასება აქვს. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდშიც, სადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იხსენებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ის გიორგი გახარიას პოლიტიკურ პატიმარს ვერ უწოდებს, რადგან 20 ივნისს დანაშაული სახეზე იყო.

"მაგალითად: პოლიტიკური პატიმარია ლევან ხაბეიშვილიც და გიორგი გახარიაც? ჩემთვის ასე არ გახლავთ. პოლიტიკურ პატიმარს ვერ ვარქმევ მე პირადად, 20 ივნისს სახეზე იყო დანაშაული, მეც ამას ვამბობდი და ყველა ამას ამბობდა. ამ ადამიანებს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ნამდვილად მოუწევთ პასუხის გება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.