პირველი კატეგორიის საწარმოების რეგისტრაცია 2026 წლის 31 იანვარს იწურება

ეკონომიკის სამინისტრო

პირველი კატეგორიის საწარმოებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეესტრში რეგისტრაცია 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა გაიარონ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ენერგოაუდიტის ჩატარების წესი“.

„რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, საწარმომ სამინისტროს მეილზე – gesrp@moesd.gov.ge, უნდა წარუდგინოს ამ წესის დანართის შესაბამისი ინფორმაცია და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

საწარმო პირველი კატეგორიისაა, თუ შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ორს აკმაყოფილებს – აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 50 მილიონ ლარს, შემოსავალი კი 100 მილიონ ლარს, ასევე დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ზე მეტია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.