პირველი ივლისიდან უნგრეთი ოფიციალურად გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ილია დარჩიაშვილის ვიზიტი სწორედ უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში იმართება - თამარ ლილუაშვილი

თამარ ლილუაშვილი

უნგრეთში საქართველოს ელჩის, თამარ ლილუაშვილის განცხადებით, პირველი ივლისიდან უნგრეთი ოფიციალურად გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი სწორედ უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში იმართება.

ლილუაშვილის თქმით, უნგრეთში ვიზიტისას ილია დარჩიაშვილი შეხვდება უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს.

„შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველო-უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები“, – აღნიშნა უნგრეთში საქართველოს ელჩმა.

ამასთან, თამარ ლილუაშვილის თქმით, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შეთანხმებას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთში საქართველოს საელჩო მომავალი ექვსი თვის განმავლობაში მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს, სადაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში შესაძლებლობა ექნება, სწორად წარმოაჩინოს საქართველოს რეფორმები და დადებითი დღის წესრიგი. დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს როგორც კულტურულ, ეკონომიკურ დიპლომატიას, ასევე იქნება ორმხრივი შეხვედრები და ვიზიტები. უნგრეთი საქართველოს უპირობო მხარდამჭერია, ის ყოველთვის აფიქსირებს აზრს საქართველოს მიმართ და მის გაწევრიანებაზე. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის მხრიდან მეტი მკაფიო გზავნილი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციიის გზაზე“, – განაცხადა თამარ ლილუაშვილმა.