"პირველადი ინფორმაციით, შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება" - კრწანისის გამგებელი ორთაჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

კრწანისის გამგებელი

ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპერტები მუშაობენ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია იკვლევს, ინციდენტის შემდეგ, რამდენად მდგრადია შენობა და უსაფრთხოა თუ არა აქ მოქალაქეების დაბრუნება. როგორც ცნობილია, ყველაზე მეტად დაზიანებულია მესამე და მეოთხე სართულები.

ამ დროისთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებს საშუალება ეძლევათ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები ეტაპობრივად გამოიტანონ. ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი საცხოვრებლით.

ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე. მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით, შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილი ადამიანის გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო. ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. რაც შეეხება მერიისა და გამგეობის აქტივობებს, ჩვენ გუშინ ღამით ყველა მოსახლე გავიყვანეთ სასტუმროებში.

ფანჯრები, კარებია დანგრეული. ჩვენ ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე შევუშვათ ადამიანები შიგნით. არის, ასევე, ლიფტის პრობლემა, წყალკანალიზაციის პრობლემა. ყველა კონტრაქტორი ადგილზე გვყავს და გვინდა რომ სწრაფად დავიწყოთ სამუშაოები.

პირველადი ინფორმაციით, შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არის ფრაგმენტები, რომელიც დასამუშავებელია და ამას გავითვალისწინებთ," - აღნიშნა ბექა მიქაუტაძე.

გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, რომელიც აღნიშნულ საცხოვრებელში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდა. მან განაცხადა, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობა უზრუნველყოფს გარდაცვლილის ოჯახის საჭირო ხარჯებს.

რაც შეეხება დაზარალებულებს, კლინიკაში ამ ეტაპზე ერთი ადამიანი რჩება. დაშავებული 25 წლის მამაკაცის სანახავად, კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ლაშა ქარდავა იმყოფებოდა.

ცნობისთვის, აფეთქებას ორთაჭალაში მდებარე დევნილთა დასახლებაში ღამით ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი, მათ შორის, არასრულწლოვანი.