Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორია გაამართლებს მას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, „ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი „ოცნების“ პოლიტიკურ კაბინეტებში“.
„ამ პროცესს სასამართლოსთან და, კონკრეტულად, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან არანაირი საერთო არ აქვს, ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი „ოცნების“ პოლიტიკურ კაბინეტებში. მოსამართლეები, რომლებიც კითხულობენ და აჟღერებენ, მათი პოლიტიკური ჭანჭიკები, მათი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან. სამწუხაროდ, ასეთი მართლმსაჯულება გვაქვს საქართველოში. სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორია გაამართლებს მას. ჩვენ არ გვაქვს საქმე სასამართლო გადაწყვეტილებასთან, საქმე გვაქვს ივანიშვილის დავალებების შესრულებასთან. ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან, მაგრამ ქართველი ხალხი აუცილებლად გასცემს პასუხს. თემურ ჯანაშიასაც და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს ისტორია გაამართლებს. ეს თანხები რაშიც დაიხარჯა, 2013 წლიდან მოყოლებული, ანალოგიურად ხარჯავდნენ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ისევე როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახური, რისი გასაჯაროებაც რატომღაც არ სურს „ოცნების“ რეჟიმს. ყოველ ჯერზე ეს დოკუმენტები დარჩა და ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც და პასუხისმგებლობაც ეკისრება სახელმწიფო უმაღლეს პირებს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 12 მარტს მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, თუმცა ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით და 300 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.