„პეის ინტერნაციონალის“ პრეზიდენტი: ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური სრულად პასუხობს „შუა დერეფნის“ გამოწვევებს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს

„პეის ინტერნაციონალის“ პრეზიდენტი

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური სრულად პასუხობს „შუა დერეფნის“ გამოწვევებს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, – ამის შესახებ „პეის ინტერნაციონალის“ პრეზიდენტმა, იოსებ დოლიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტში ძირითადი ნაწილი, 75 მილიონი არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი სესხი, რაც, დოლიძის შეფასებით, ამერიკის მთავრობის დიდ ნდობაზე მეტყველებს.

„დღეს ერთად აღვნიშნავთ ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში მშენებლობის მეორე ფაზის საძირკვლის ჩაყრას. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 130 მილიონ ამერიკულ დოლარს, საიდანაც 55 მილიონი პორტის მფლობელი კომპანიის, „პეის ინტერნაციონალის“ კონტრიბუციაა პროექტში. ძირითადი ნაწილი, 75 მილიონი კი არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი სესხი. აღსანიშნავია, რომ მოცემული დაფინანსება წარმოადგენს DFC-ის მიერ მთელი კავკასიისა და შუა აზიის რეგიონებში ერთ ცალკეულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე დამტკიცებულ უმსხვილეს სესხს. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს ამერიკის მთავრობის დიდ ნდობაზე, რაც ჩვენმა კომპანიამ თავისი 35-წლიანი საქმიანობით დაიმსახურა. მეორე ფაზა ითვალისწინებს კიდევ ერთი ნავმისადგომის მშენებლობას, რის შეეგადაც ახალი ნავსადგურის ტვირთბრუნვა მილიონი ტონით გაიზრდება. ახალი ტერმინალი მოემსახურება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და საქართველოში წარმოებული მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი რეგიონის, ისე მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის. საერთო ჯამში, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური სამიდან ხუთ მილიონ ტონა ტვირთამდე დაამუშავებს. ნავსადგურის სიღრმე იძლევა საშუალებას, მივიღოთ „ჰენდიმაქსის“ ტიპის გემები, რაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ამჟამად „პეის ინტერნაციონალის“ ჯგუფი წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომლის მფლობელობაშია ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და აერთიანებს საზღვაო სააგენტოს, საბროკეროს, ლოგისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს. დასაქმებულია ათასზე მეტი ადამიანი. მონაწილეობა გვაქვს მიღებული ისეთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებში, როგორიც არის ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰ-დენიზის გაზსადენი, TAPI, ანუ თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის გაზსადენი. ამ პროექტზე დღესაც ვმუშაობთ. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური სრულად პასუხობს „შუა დერეფნის“ გამოწვევებს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში“, – განაცხადა იოსებ დოლიძემ.