პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ბაზაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

ევროპული სასამართლო

პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. ამ წუთებში პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ბაზაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

მასში მონაწილეობენ მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე სხვადასხვა ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას, უმრავლესობასთან ერთად, მხოლოდ "გირჩი", "მოქალაქეები" და გახარიას პარტია ესწრებიან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციის უარი, მონაწილეობა მიიღოს პროცესებში, ოპოზიციის დესტრუქციულ შინაარსზე მეტყველებს.

"ჩვენი ამოცანა არის რომ შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით და დაასტიმულირებს პროცესს, უფრო აქტიურად რომ გამოიყენებოდეს ქართულ სასამართლო პრაქტიკაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამ მუშაობაში ჩართვაზე უარის თქმა, პრაქტიკულად, სრულფასოვნად წარმოაჩენს დესტრუქციულ შინაარსს ამ შემთხვევაში ოპოზიციის რადიკალური ფრთის," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილმა კარგად უნდა გააცნობიერონ ვითარება და შემოუერთდნენ ამ რეკომენდაციების შესრულებას.

"რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად უნდა გააცნობიერონ და დროულად შემოუერთდნენ ამ რეკომენდაციების შესრულებას, რამეთუ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ხვალინდელი დღისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც ამ პროცესზე იძახი უარს, ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ,“ - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.