პარლამენტმა მესამე მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ფოიე

საკანონმდებლო ორგანომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

„კანონპროექტის თანახმად, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება. ცვლილებებით ზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცეთ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებულ ჩამონათვალში, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ.