„საპატრიარქოს უწყებანი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772017613
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„105 წლის წინ რუსეთის მეთერთმეტე არმია თავს დაესხა დამოუკიდებელ საქართველოს და ამით შეწყვიტა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ეს დღე ჩვენ ორ რამეზე უნდა გვაფიქრებდეს. პირველი, დამოუკიდებლობა არ არის მოცემულობა, რომელიც ერთხელ დგება და თავისთავად გრძელდება. დამოუკიდებლობას დაცვა უნდა! როგორც 105 წლის წინ უნდოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დაცვა, ასევე უნდა დღეს და შეიძლება დღეს კიდევ უფრო მეტად, ვინაიდან დამოუკიდებლობის ხელყოფის ინსტრუმენტები კიდევ უფრო ფართოა. ეს არ არის მარტო ხიშტი. დღეს ეს უკვე არის სიტყვა, პროპაგანდა და ჰიბრიდული ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოიყენება. და მეორე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისევე როგორც 105 წლის წინ, დღესაც მტრის ხელში მთავარი იარაღი „მეხუთე კოლონაა“ ქართული სახელებითა და გვარებით, ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უცხო ძალების ინტერესებს ატარებენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღესაც „მეხუთე კოლონა“ მძლავრობს და ცდილობს, საქართველო სხვების დღის წესრიგსა და ინტერესებს დაუქვემდებაროს.
„ასე რომ, 25 თებერვალი ჩვენ ორ რამეს გვახსენებს - დამოუკიდებლობას ყოველდღიური დაცვა უნდა და ეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა და „მეხუთე კოლონას“ ყოველთვის უნდა მხილება, ვინაიდან თუკი არ ვამხელთ ქართული გვარ-სახელების ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნების დროშებს აფრიალებენ, ეს დასრულდება იმით, რომ ბოლოს თბილისის თავზე სხვა ქვეყნის დროშა აფრიალდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.