ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პარლამენტის კომიტეტების გასვლითი სხდომა გაიმართა

გასვლითი სხდომა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პარლამენტის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა სიტყვით მიმართეს დეპუტატებს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის უწყებასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და  მადლობა გადაუხადა დეპუტატებს.

სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამხედრო განათლების სისტემის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მან სამხედრო განათლების საფეხურებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა.

„იუნკრები ოთხწლიანი სწავლების დასრულების შემდეგ იღებენ ოფიცრის წოდებას. ისინი შესაბამის სპეციალიზაციას ეუფლებიან, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში ოფიცრებად ინიშნებიან. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკრებისთვის ყველა აუცილებელი პირობაა უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და წარმატებული სამხედრო კარიერისთვის“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა განათლების რეფორმის ძირითად ასპექტებზე ისაუბრეს. ყურადღება  გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და კვლევა-განვითარების მიმართულებით სამომავლო შესაძლებლობებზე.

„სამხედრო და თავდაცვის სფერო ხშირად წარმოადგენს ინოვაციების მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მრავალი ტექნოლოგიური სიახლე და გამოგონება იღებს სათავეს. მნიშვნელოვანია, ეროვნულ აკადემიაში კვლევითი საქმიანობა სწორად იყოს ორგანიზებული და არსებული ინტელექტუალური რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებული“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

პარლამენტის წევრებმა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე თავდაცვის ეროვნული აკადემია დაათვალიერეს. დეპუტატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ იუნკრების საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს.

„ვისაუბრეთ განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე და ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო სისტემის განვითარება და სისტემატიზაცია. ასევე დავათვალიერეთ აკადემიის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ლაბორატორიები, სადაც იუნკრები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეცნობიან ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს“, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.