პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში შეხვედრებს მართავს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა დანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე კარსტენ ჰონგესთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკუს კნუტთან, სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ლიბერალური ალიანსისა და მოდერატების პარტიის საგარეოპოლიტიკურ სპიკერებთან.

საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართული შეხვედრებისას საქართველოსა და დანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატების გააქტიურების მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძე დანიურ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრებზე ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისათვის და „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრებისას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი და ალიანსის წევრების მხრიდან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოებისადმი არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება განიხილეს. დისკუსია გაიმართა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგისა და საგნობრივი მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობას.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დანიელ კოლეგებს მიწვევისთვის.

ნიკოლოზ სამხარაძემ დანიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში საპასუხო ვიზიტად მოიწვია.

✕