პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სერბეთში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად სერბეთში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ მედიასთან განაცხადა, შეხვედრაზე განსახილველი საკითხები ძირითადად უსაფრთხოებას ეხებოდა.

„განსახილველი საკითხები ძირითადად იყო უსაფრთხოება. საუბარი ასევე გვქონდა კოსოვოს საკითხის დარეგულირებასთან. სერბულმა მხარემ წარმოგვიდგინა თავიანთი ხედვა, როგორ შეიძლება კოსოვოს საკითხის დარეგულირება საერთაშორისო სამართლის პრინციპების ფარგლებში.

ჩვენ გვქონდა საუბარი ოკუპაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ოკუპაციას მოაქვს ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენს მშვიდობიან ხედვაზე, როგორ უნდა დარეგულირდეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და როგორ უნდა აღვადგინოთ ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.

საუბარი ასევე გვქონდა სამხედრო რეფორმებზე, რომელიც ერთი მხრივ სერბეთში მიმდინარეობს, მეორე მხრივ საქართველოში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება.