პარლამენტი დღეს პარტია "გახარია-საქართველოსთვის" 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს

 პარლამენტი

პარლამენტი დღეს პარტია "გახარია-საქართველოსთვის" 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. პარტიამ არჩევნებზე მიღებული მანდატები არ გამოიყენა და საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდა, რეგლამენტის მიხედვით კი, სესიის ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, პარლამენტის წევრის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება.

სხვა პარტიებისგან განსხვავებით, პარტიას "გახარია - საქართველოსთვის" საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა გახარიას პარტიის 12 წევრს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მანდატებს სიაში არსებული მომდევნო 12 პირი მიიღებს.

"ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის არც სიახლეა, არც სიურპრიზია. მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტი, კანონით და კონსტიტუციით გამყარებული და გათვალისწინებული პოლიტიკური პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, გასაგებია, რომ რეგლამენტში არსებული ჩანაწერი აძლევს საშუალებას "ოცნებას", რომ გაუუქმოს მანდატები ჩვენს გუნდს. ამაში მოულოდნელი არაფერია, ეს არის სუფთა პროცედურული საკითხი, - გააუქმებენ და გააუქმონ," - აცხადებს პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე.

"ქართული ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ზუსტად არის განსაზღვრული, თუ როდის უნდა შეუწყდეს პირს დეპუტატის მანდატი.

"კონსტიტუციაში ზუსტად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რა დროს შეიძლება პარლამენტის წევრს შეუწყდეს უფლებამოსილება, მათ შორის, გაცდენების ეს რაოდენობაც კონსტიტუციაშივეა მითითებული. ამიტომ, ისინი ვერ ეტყვიან, რომ ეს მათთვის მოულოდნელობა იყო, ეს მათ შეგნებულად გააკეთეს და შედეგებიც იქნება კონსტიტუციის შესაბამისი. მე პირადად, ხმას მივცემ და, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ხმას მისცემს - როგორ შეიძლება, კონსტიტუცია გითითებდეს, რომ ასეთ შემთხვევებში შენ უნდა შეუწყვიტო უფლებამოსილება და შენ, შენი პირადი მოსაზრებების გამო, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ წახვიდე," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.