პაპუაშვილი ჰერჩისკის წერილზე: კიდევ ერთი დასტურია, თუ რა პოლიტიკური ენერგია, ფული იხარჯება ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი

პაპუაშვილი

დიახ, ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო, თითქოს, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილზე.

მისივე თქმით, სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი ფინანსების, საქართველოში დახარჯული თანხების გასაჯაროება.

„დიახ, ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო, თითქოს, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ამ წერილმაც დაადასტურა და ეს არის საკუთარი თავის მხილება ბრიუსელის მხრიდან, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი ფინანსების, საქართველოში დახარჯული თანხების გასაჯაროება.

ვერ გვაპატიეს ქართველებს, როგორ გავბედეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრიუსელი ფულს ხარჯავს, ევროკავშირის საელჩო ფულს ხარჯავს და მოვიკითხეთ, იქნებ გვითხრათ რაში ხარჯავთ ფულს, რა მიზნებს ემსახურება ამ ფულის ხარჯვა. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმ ღირებულებით უკუსვლას, რომელსაც ბრიუსელი განიცდის და ჩვენი მოწოდება სწორედ ეს არის, რომ დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკური იარაღი, უნდა უარყონ და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბრიუსელისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა, თავდაყირა აყენებს მთელ იმ ისტერიულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. ევროკავშირის ელჩი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.