ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნების შემდეგაც გრძელდება, მათ არანაირი ფაქტი არ წარმოუდგენიათ ვითომდა არჩევნების გაყალბებაზე - კახა კალაძე

კახა კალაძე

ოპოზიციამ მაქსიმალურად დააჯერა თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ, რეალურად კი, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ, -განაცხადა დედაქალაქის მერმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგთან დაკავშირებით, სადაც მან წარადგინა მაგალითები დეზინფორმაციის შესახებ.

კახა კალაძის თქმით, ის დარწმუნებული იყო მმართველი გუნდის გამარჯვებაში, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხედავდა მათ განწყობას.

„რადიკალური დაჯგუფებების მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო სიცრუეზე. ისინი მაქსიმალურად აჯერებდნენ თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ. რეალურად, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. მე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ამის თქმის საშუალებას მაძლევდა, ის დამოკიდებულება და განწყობა, რასაც რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ვხედავდით. არ დაგვიტოვებია არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი - ყველგან ჩავდიოდით, ვხვდებოდით ამომრჩეველს და ვესაუბრებოდით იმაზე, თუ რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა გამოწვევები და საფრთხეები დგას ქვეყნის წინაშე და როგორ ვხედავთ მომავალს. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ განვითარებას, გაძლიერებას და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

„რაც შეეხება დეზინფორმაციას, რაზეც შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, არჩევნების შემდეგაც გრძელდება სიცრუე. არანაირი ფაქტი არ არის წარმოდგენილი. ამბობენ არჩევნები გაყალბდაო და ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ვისმენთ მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხს. სიმართლე ერთია - „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა დამაჯერებლად. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მილიონ 120 ათას ადამიანს მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დაცვას, ეროვნული ინტერესების გატარებას ეხება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.